четверг, 2 октября 2014 г.

ხარვეზები და დარღვევები ქართულ ენაში


ენის ნორმათა დამდგენი კომისია, ენის სახელმწიფო პალატა - სტრუქტურები, რომელთა ძირითადი ფუნქციაც სახელმწიფო ენის ნორმირება და ამ ნორმების დაცვის უზრუნველყოფაა, თითქმის ათი წელია, აღარ არსებობს. ამავე თემაზე დედა ენა “საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის გასაგები ქართული სალიტერატურო ენის პარალელურად, ჩვენში გაჩნდა ერთგვარი ენობრივი სუროგატი, რომელიც თანდათან მკვიდრდება სახელმწიფო დაწესებულებებსა თუ არასამთავრობო სექტორში, მედიასა თუ სამართალწარმოებაში და ა. შ. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღში დაბადებული ეს ენობრივი სუროგატი, რომელსაც პირობითად "პროექტების ენა" შეიძლება დავარქვათ, თანდათანობით იქცა "სიახლისა და თანამედროვეობის", ანუ ე. წ. "ახალი მენტალობის", განუყოფელ ატრიბუტად და "საფირმო ნიშნად," - წერდა მწერალი კოტე ჯანდიერი ჯერ კიდევ 2008 წელს გამოქვეყნებულ წერილში “იდიოტიზმის ანატომია”. კოტე ჯანდიერი სწორედ იმას უსვამდა ხაზს, რომ სალიტერატურო ენის ნორმათა უგულვებელყოფას სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებში და მათ შორის, განათლების სამინისტროში დასაქმებული მაღალჩინოსნები უწყობდნენ ხელს. ქართული ენა, შეიძლება ითქვას, დღეს თავისუფალ დინებასაა მიყოლილი. ქვეყანაში არ არსებობს ორგანო, რომელიც ენის ნორმებს დაიცავდა და გააკოტროლებდა. ენა კი ვითარდება და დადგენილი ნორმები წლების განმავლობაში იცვლება. ენათმეცნიერები ამბობენ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა, ენის დინებაზე მიშვება გაუმართლებელია. ენის სახელმწიფო პალატა, რომელიც 2004 წელს გაუქმდა, ენის ნორმებს აკონტროლებდა და მისი უფლებამოსილება ყველა იურიდიულ პირზე ვრცელდებოდა. პალატა სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებში სალიტერატურო ენის ნორმების დაცვას ადევნებდა თვალყურს. ენის სახელმწიფო პალატა, თბილისისა და რეგიონული სამსახურების გათვალისწინებით, 220 თანამშრომელს აერთიანებდა. პალატის ნაცვლად, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ცალკე სამსახური შეიქმნა. თუმცა, შექმნისთანავე მუშაობის მიმართულება შეიცვალა და მისი ფუნქცია არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებზე მუშაობა გახდა. ენათმეცნიერი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი კახა გაბუნია ფიქრობს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იმ ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც ქვეყნაში ენის პოლიტიკას შეიმუშავებდნენ და მისი სიწმინდის დაცვაზე იზრუნებდნენ, ვერ მოხერხდა. ამგვარ ინსტიტუტს სათანადოდ უნდა ეზრუნა კვლევაზე, ენის სწავლებაზე როგორც ზოგადად, ისე უმცირესობების მიმართულებით, გაეტანა ენის კანონი, რომელიც წლების წინ შეიქმნა და ჩავარდა. კახა გაბუნია იხსენებს, რომ სამეცნიერო ინსტიტუტების უნივერსიტეტთან ინტეგრაცია სწორი სტრატეგიული სვლა იყო, რადგან კვლევისა და სწავლების ერთ სივრცეში მოქცევა სასურველია, თუმცა, საქართველოში ეს ყველაფერი ცუდად, დარგის ინტერესების შელახვითა და მიზერული დაფინანსებით განხორციელდა. გაბუნიას აზრით, იმისთვის, რომ წლების შემდეგ ერთმანეთის გაგება შევძლოთ, სახელმწიფო ენას სტანდარტიზაცია სჭირდება. “წლების განმავლობაში ენაში უამრავი უცხო სიტყვა თუ ფორმა დამკვიდრდა, გარკვეულ ეტაპზე კი უცხო, დომინანტი ენა მორფოლოგიაშიც იჭრება და ენობრივ სისტემას ანადგურებს, შენ კი არანაირი იარაღი აღარ გაქვს მასთან საბრძოლველად. წლების შემდეგ შეიძლება სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი გაუჭირდეთ,” - ამბობს კახა გაბუნია. 2004 წელს ენის ნორმათა დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიაც გაუქმდა ენათმეცნიერები, ფილოლოგები თანხმდებიან, რომ ნორმათა დამდგენი და შემდეგ ამ ნორმების შესრულების მაკონტროლებელი ინსტიტუცია ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა, ვის უნდა ექვემდებარებოდეს და რა უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, ამაზე განსხვავებული პოზიციები არსებობს. კახა გაბუნია ფიქრობს, რომ სტრუქტურა, რომელიც ენის სისუფთავეზე იზრუნებს, უშუალოდ პარლამენტს უნდა ექვემდებარებოდეს. რადგანაც ამა თუ იმ სამთავრობო უწყებაში მოქცეულ სტრუქტურას საკმარისი უფლებამოსილება და ლეგიტიმაცია არ ექნება. ეს უნდა იყოს ზეინსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც სამინისტროებსაც (მათ შორის, განათლების სამინისტროსაც) კონკრეტული ნორმების დაცვას თუ ტექსტების ჩასწორებას დაავალდებულებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ენაზე ენათმეცნიერებმა უნდა იზრუნონ და არა საჯარო მოხელეებმა. მისი აზრით, ენის მაკონტროლებელი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, მაგრამ არა სახელმწიფო დაწესებულების ფორმით. კონკურსის წესით ეს ფუნქცია აკადემიურ ინსტიტუტს უნდა გადაეცეს. დეპუტატის აზრით, ამ მხრივ კვალიფიციური რესურსი და საუკეთესო ბაზა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს აქვს. “ახლა არის ვითარება, როდესაც ნორმას ჟურნალისტი ადგენს და ენის ეკოლოგია ყოველდღე ირღვევა. ინგრევა ლექსიკა, სინტაქსი. ინსტიტუტს მკაცრი კონტროლის უფლება უნდა ჰქონდეს. ყველაფერი, რაც სახელმწიფოს ხელიდან გამოვა, ნორმების შესაბამისი უნდა იყოს. მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომლის სარედაქციო მასალაშიც, ახალ ამბებში, ენის ეკოლოგია პრინციპულად დაცული უნდა იყოს,” - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი, პროფესორი ავთანდილ არაბული ადასტურებს, რომ ბოლო ხანებში ქართული ენის უამრავი ნორმა შეიცვალა. “ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ ლექსიკონებზე, გამოვცემთ კიდეც პატარა ლექსიკონებს - სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი, ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი და ა.შ. ამ გამოცემებში შეტანილია ყველა დღეს არსებული სიახლე, მაგრამ მათი დამკვიდრებისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო ინსტანცია, რომელსაც წარვუდგენთ ამ სიახლეებს, ისინი დამტკიცდება და ყველასთვის სავალდებულო გახდება.” ენათმეცნიერები თანხმდებიან, რომ ენა კანონმა უნდა დაიცვას, ნორმის დარღვევას კი კონკრეტული სანქცია უნდა მოჰყვებოდეს. ამ აზრს ლევან ბერძენიშვილიც იზიარებს: “ნორმების დაცვის შესახებ კანონი მისაღები გვაქვს. ენის ნორმა არ არის ის, რაც ჩვენ გვეჩვენება, ნორმა დადგენილია და ის უნდა დაიცვა. კანონმა უნდა თქვას, რომელია არსებული ნორმა და რას ნიშნავს მისი დაცვა, დარღვევაზე კი რა ტიპის ჯარიმაა”, - მიიჩნევს ბერძენიშვილი. კახა გაბუნიაც ამბობს, რომ სტრუქტურული ერთეულის შექმნა ნორმათა დამდგენი სამუშაოების დაწყების გარეშე წარმოუდგენელი იქნება. “დღეს არ არსებობს ის, რისი დაცვაც უნდა გაკონტროლდეს. ვის აქვს პასუხი, რა, როგორ უნდა ვთქვათ ან დავწეროთ, როცა ათი წლის განმავლობაში ენაში უკონტროლოდ მკვიდრდებოდა ამდენი უცხო და არაბუნებრივი ფორმა თუ სიტყვა, რას გვეტყვის სტრუქტურა, როგორ გადაწყვეტს? ნორმაც ცოცხალია, ისიც იცვლება. ენა ივსება, შემოდის სიტყვები, რომლებიც არსად ფიქსირდება. ყოველ თავმოყვარე ქვეყანაში ყოველ წელს გამოიცემა ორთოგრაფიული ლექსიკონის ჩასწორებები. ჩვენთან ათ წელზე მეტია არაფერი განახლებულა,” - ამბობს ის. განსხვავებული პოზიცია აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორს, ენათმეცნიერ ნინო დობორჯგინიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ თანამედროვე ეპოქაში ენა სრულიად სხვა დილემების წინაშე დგას: “დღეს ენის მტერი რომელიმე უცხო ენიდან შემოჭრილი ფორმები კი არა, ისაა, რომ ენა თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ქართულ ენაზე შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და გადაცემა ეპოქისთვის შესაბამისი, რელევანტური ფორმით,” - ამბობს ნინო დობორჯგინიძე. ასეთ ფორმად ის ტექსტების ელექტრონული ბაზის - ქართული ენის ნაციონალური კორპუსის შექმნას მიიჩნევს. ეს ქართულ ენაზე საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ტექსტების თანამედროვე ლინგვისტურ-ტექნიკური კრიტერიუმების მიხედვით დოკუმენტირებას გულისხმობს. “ბი-ბი-სის” ასწლიანი პროგნოზით, 21-ე საუკუნის ბოლოს ენების 75%-ზე მეტი ფუნქციებს დაკარგავს. “ეს იმიტომ, რომ ეს ენები ინფორმაციის თანამედროვე, 21-ე საუკუნისთვის რელევანტური, ელექტრონული, იგივე კორპუსული ფორმით მოპოვებას, გადაცემასა და გადამუშავებას ვერ უზრუნველყოფს”, - ამბობს ნინო დობორჯგინიძე. მისი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს ქართულმა ენათმეცნიერებამ უნდა უპასუხოს, სწორედ ენის ნაციონალური კორპუსის შექმნაა. "დღეს პატარა ენებს სრული გაჩანაგებით რუსულის ან ინგლისურის ექსპანსია კი არ ემუქრება, არამედ ის, რომ პროგრესისათვის მზად არ ვართ. თუ თანამედროვე აპრობირებულ მეთოდებს არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, ქართული ენა მალე სამუზეუმო ექსპონატად იქცეს." დობორჯგინიძის თქმით, რეალობა ისეთია, რომ 20-30 წლის შემდეგ ჩვენს შვილებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდებათ კონკრეტული ინფორმაციის ქართულ ენაზე მოსაძიებლად, ვიდრე მისი ალტერნატივის ინგლისურად მისაღებად. "მეცნიერებისა თუ ხელოვნების ნებისმიერი დარგი ფეხდაფეხ უნდა მიჰყვეს განვითარების ტენდენციებს. სხვაგვარად, რა პატრიოტული მიზნებიც უნდა გვქონდეს, იძულებულები გავხდებით, რომ ჩვენს შვილებს ბიოლოგია ქართულის ნაცვლად ინგლისურად ვასწავლოთ, რადგან ქართულად შესატყვისი მასალა, უბრალოდ, არ გვექნება,” - ამბობს ნინო დობორჯგინიძე. ენათმეცნიერს მიაჩნია, რომ ენის ნორმათა დამდგენი სტრუქტურა მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეიქმნას, რაც ენის კორპუსი იარსებებს, რადგან ენაში მიმდინარე პროცესების გამოვლენა და ტენდენციების დანახვა მხოლოდ კორპუსში, ელექტრონულ ბაზაში თავმოყრილ ფორმებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. თუ ქვეყნისთვის სახელმწიფო ენა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ენის განვითარებაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რაც, მეცნიერების შეფასებით, კომპლექსურ მიდგომას და სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქართული ენის სიწმინდის დაცვა იყო, როგორც ჩანს, მის წევრებს, ჯერეჯრობით ამ საკითხზე ფიქრიც კი არ დაუწყიათ. “ლიბერალის” კითხვაზე, თუ რა იგეგმება და რას აპირებენ ქართულ ენასთან დაკავშირებით, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე გვპასუხობს, რომ ამ საკითხის შესახებ არაფერი იცის.

Комментариев нет:

Отправить комментарий